ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია „ნია“-ს ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 14 ივლისს გამოცემული იქნა N81 ბრძანება, რომლის თანახმადაც კონკურენციის კანონის დარღვევის მოტივით სოლიდური თანხებით დაჯარიმდნენ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილე, ჩვენი წევრი კომპანიები - „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ („სოკარი“), „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, „რომპეტროლ საქართველო“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, კერძოდ ჯამში მათ დაეკისრათ ჯარიმები 55 მილიონი ლარის ოდენობით.
,,აღნიშნულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ ჩამოთვლილი კომპანიები ყოველთვის მოქმედებდნენ კანონმდებლობის ფარგლებში
უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მოკვლევის მთელი პერიოდის მანძილზე კომპანიები სააგენტოს აწვდნიდნენ ამომწურავ ინფორმაციას, თუმცა სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, არც სამუშაო და არც დასკვნით შეხვედრებზე კომპანიების არგუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.
იმავდროულად კი ფაქტია, რომ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარი, რომელიც იქმნებოდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველთვის იყო კონკურენტული და სწორედ ამან განაპირობა სექტორის თვალსაჩინო განვითარება და ქვეყანაში თანამედროვე ევროპული ტიპის ბიზნესინდუსტრიის შექმნა.
ზემოაღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები, ინვესტორები და მსხვილი დამსაქმებლები არიან. მათ მიერ
2012-2013-2014 წლებში ჯამურად შეადგინა:
სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებმა – 1 მლრდ 590 მლნ ლარი
განხორციელებული ინვესტიციებმა - 440 მლნ ლარი
დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობამ - 12018.
დაკისრებული სოლიდური ჯარიმები, ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ საერთაშორისო იმიჯზეც, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და მკვეთრად გააუარესებს ქვეყანაში ბიზნეს კლიმატს.
ამ ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად ეკონომიურ აგენტებს დავის სასამართლოში გაგრძელება მიაჩნიათ. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას” - აღნიშნულია განცხადებაში.