საპარტნიორო ფონდმა დაასრულა ენერგო პროექტი – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და დღეს სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო.
სადგური ყოველწლიურად1.6მილიარდკილოვატსაათელექტროენერგიასგამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიურია. ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.
„ეს იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.
უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“და „შკოდას“ უახლესი ტურბინებით აღჭურვილი გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა მის შვილობილ კომპანია - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ ერთად ერთი წლის წინ 2014 წლის იანვარში დაიწყო.
თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა 231მლნ აშშ დოლარი. იგი დაფინანსდა საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. მშენებლობა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - „ÇALIK ENERJİ-იმ“ განახორციელა.