ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა გაიმართა. სხდომა, რომელსაც ნატო-საქართველოს კომისიის წევრი სახელმწიფოების ელჩები ესწრებოდნენ, მისასალმებელი სიტყვით ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ გახსნა. ვერშბოუს გამოსვლის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, მათ შორის უკანასკნელ პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით გამოხატული მხარდამჭერი პოზიციის გამო. პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კონტრიბუციაზე ისაუბრა, რომელიც ქართულ მხარეს შეაქვს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნვეოლყოფის საქმეში.
მისი განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ურყევი ნებაა და ამაზე ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი და ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია მორიგებულია.
დავით უსუფაშვილის თქმით, ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით და ეს შეეხება, როგორც დემოკრატიულ, ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე სამხედრო კომპონენტს.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელი სტანდარტებითაც ნატოს სხვა წევრი ქვეყნები იქნენ გაწევრიანებული ალიანსში; საქართველო წარმატებით ახორციელებს ალიანსის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას, უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი ღონისძიებათა პაკეტის“ ჩათვლით, რაც ნატო-ს მხრიდან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და კიდევ უფრო მკაფიო, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო ამას უკვე იმსახურებს და ეს ნაბიჯი აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესებისთვის ჩვენს რეგიონში. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის ქმედებებზეც ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული და არა ვინმეს წინააღმდეგ.
დავით უსუფაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ, „ნატო-საქართველოს კომისიის“ სხდომაზე დისკუსია გაიმართა.