დღეს აჭარაში მსხვილ საინვესტიციო პროექტზე მომუშავე კომპანიამ „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ გაყიდვების ოფისი საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე დაესწრნენ. მთავრობის წევრებს მშენებლობის დეტალები „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორმა ონურ თანრივერდიმ გააცნო.
მალე დასრულდება ძირითადი სასტუმრო კორპუსების, ორი 420-ბინიანი აპარტამენტისა და კაზინოს მშენებლობა. 12-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „მეტრო სითი“ მინიმუმ 203 ნომრიანი იქნება. სასტუმროში ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სავაჭრო ცენტრი, VIP რეზიდენცია, სამორინე და სხვა ობიექტები განთავსდება.
„პროექტი მიმდინარეობს შეუფერხებლად და დადგენილ ვადებში ეტევა. ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. აქ იქნება აპარტამენტები, სასტუმრო, გასართობი ცენტრი, სავაჭრო მოლი, მოწესრიგებული მიმდებარე ინფრასტრუქტურა და გარე ტერიტორია. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა და მომავალი წლის სეზონისთვის ბათუმს კიდევ ერთი ლამაზი ობიექტი შეემატება,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
კომპანია აღნიშნული პროექტით რეგიონში 90 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნული ინვესტიცია 600 დან 1500-მდე ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმროს მშენებლობა, კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე - 2017 წლის ბოლოს დასრულდება