აგვისტოს ბოლომდე აჭარაში კიდევ ერთი ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო და სამაცივრე მეურნეობა გაიხსნება. კომპანია "აგრო ინვესტ სერვისის” მენეჯმენტის ინფორმაცით, პროექტის განხორციელებაში 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ხილის გადამამუშავებელი საწარმოს წარმადობა 1 საათში 10-12 ტონა პროდუქციის დახარისხება, მოსანთვლა და შეფუთვა იქნება. საწარმო გერმანული, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
"აგრო ინვესტ სერვისში” აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე საწარმოს 1000-მდე ბენეფიციარი ეყოლება, რომელთა რაოდენობაც სამომავლოდ გაიზრდება. საწარმო ხილსა და ციტრუსს აჭარის გარდა, გურის რეგიონიდანაც ჩაიბარებს და შემდგომ მის რეალიზაციაზე თავად იზრუნებს.
უკვე ცნობილია, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტს ბელორუსში, რუსეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში განახორციელებს.
”ნარინჯისფერი რთველის” დაწყებამდე საწარმო ხურმის ჩაბარებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის მოსავლის აღებაც 15 სექტემბრიდან იწყება, ციტრუსის მიღებას კი კომპანია ოქტომბრიდან დაიწყებს.
სამაცირვე მეურნეობაში 1000 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი, თუმცა კომპანიას მომავალი წლიდან დაგეგმილი აქვს მისი მოცულობა 5000 ტონამდე გაზარდოს, რისთვისაც დამატებით ინვესტიციას განახორციელებს. სასაწყობე მეურნეობაში ძირითადად სეზონური ხილის შენახვა მოხდება, რომლის რეალიზაციაც არასეზონზე იგეგმება.