სიახლე საერთაშორისო ვიზიტორებისათვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური ტურისტული ბარათის შექმნაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც ტურისტები ტურისტულ ობიექტებში გარკვეული ფასდაკლებებით ისარგებლებს. ამ დროისათვის ფასდაკლებების მოცულობა განსაზღვრული არ არის, რადგანაც პროექტზე მუშაობს ჯერ არ დასრულებულა და სწორედ კერძო სექტორთან მუშაობის შედეგად დაგინდება თუ რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებს ტურისტი სასტუმროში, სატრანსპორტო საშუალებებში თუ სხვადასხვა გასართობ ატრაქციებზე.
”საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში შეიქმნას ტურისტული ფასდაკლების ბარათი, რომელიც მთელს ქვეყანას მოიცავს. ეს ბარათი კი საშუალებას მისცემს საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ტურისტებს ერთის მხრივ გაეცნონ თუ რა საშუალებები არსებობს მოგზაურობისთვის და ამ საშუალებებზე რა ფასდაკლებები არსებობს მათთვის ვინც ამ ბარათის მფლობელი გახდება.
მსოფლიო ანალოგების მსგავსად, ამ ფასდაკლების ბარათში გათვალისწინებული იქნება სატრანსპორტო საშუალებებზე ფასდაკლება. მაგალითად საერთაშორისო ვიზიტორისათვის, ნარიყალაზე საბაგიროთი ასვლის ფასდაკლება. ფასდაკლება იქნება ასევე მუზეუმებში და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტში”, აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ბარათის შექმნის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, რომელიც მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას დაფარავს. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, განახლებული დიზაინის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს ფასდაკლების ბარათის შეძენა შეეძლებათ, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სერვისს გააერთიანებს.
„ბარათი მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიეტებში (სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ატრაქციები)“, - აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
ამ დროისათვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პროგრამაში ჩართვის მსურველ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და უახლოეს დღეებში დადგინდება, ბარათის მფლობელი ამა თუ იმ ობიექტში კონკრეტულად რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
როგორც მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს ეს არ იქნება უფასო ბარათი და მას კონკრეტული საფასური ექნება, რისი საშუალებითაც ტურისტი მიიღებს რამდენიმე ათეულ ტურისტულ ობიექტზე სხვადასხვა სახის და რაოდენობის ფასდაკლებას.
„ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და ამ ტენდერის შედეგები უკვე კონკრეტული ფასის დაწესების საშუალებას მოგვცემს. ივლისის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი ამ პროდუქტის შეძენა ჩვენს საინფორმაციო ცენტრებში“,- აცხადებს ბერძენიშვილი.