საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ტურისტული ნაკადის ზრდა მათი აქტიური მუშაობის შედეგია, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა მხრივ გასწია.
”იმისათვის, რომ საქართველოში დამატებითი ტურისტები მოგვეზიდა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო აქტიობები განახორციელა. მათ შორის ვგულისხმობ, ცხრა სამიზნე ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიას, საერთაშორისო არხებით როგორებიცაა CNN-სადა EURONEWS-ზე მარკეტინგული კამპანიის წარმოებას. 200-ზე მეტი ჟურნალისტი გვყავდა საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში და ასევე ჩავატარეთ მედია-ფორუმი, რომელშიც 6 ქვეყნის 48 ჟურნალისტი მონაწილეობდა. ამ და სხვა აქტიობებმა, მათ შორის ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობამ მოიტანა ის შედეგი, რომ მაისიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სერიოზული ზრდა დაფიქსირდა. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივნისში თბილისმა (13 ივლისს ვერეს ხეობის სტიქია) გადაიტანა ძალიან დიდ ტრაგედია, რაც ცხადია უარყოფითად გაშუქდა მსოფლიოს სხვადასხვა არხებზე, ივნისშიც კი ამ ტარგედიისა და გაშუქების მიუხედავად საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. გარდა ამისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას ”გაიცანი საქართველო”. პროექტის ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს შემდეგ, მედიატურს ვუმასპინძლეთ აჭარაში, კერძოდ მაჭახელას ხეობაში, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ეს ხეობა ძალიან უნიკალურია თავისი ბუნებით, თავისი კულინარითა და ისტორიით. მეორეს მხრივ ის ძალიან ახლოსაა ბათუმთან ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ იმოგზაუროს აჭარაში და მათ შორის მაჭახელას ხეობაში”, აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3 %-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,4 %-ით არის გაზრდილი წინა წლის ივნისთან შედარებით.
2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა, მათზე მთლიანი ვიზიტების 86% მოდის. ივნისის თვეში განსაკუთრებულად მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდან (+47%), სომხეთიდან (+33%) და აზერბაიჯანიდან (+15%). არამეზობელი ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა ყაზახეთი (+40%), ბელორუსი (+56%), ისრაელი (+26%) და გაერთიანებული საამიროები, საიდანაც რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა 6 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ 2 332 303 შეადგინა, ზრდამ კი 3.5%. ზრდის კუთხით გამოირჩევა ბელორუსი (+47%), ყაზახეთი (+32%), ლიტვა (+27%), გაერთიანებული სამეფო (+22%) და გერმანია (+18%). აქვე აღსანიშნავია ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+12%).