"ჰით ბათუმი 2015” გრძელდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვირა მთლიანად ჯაზის დღეებს ეთმობა, რომელიც 21 ივლისიდან დაიწყება და 26 ივლისს Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება.
მომდევნო კვირეულებში ჩატარდება საბავშვო დღეები, თანამედროვე მუსიკის დღეები, ქუჩის თეატრის დღეები, ელექტრონული მუსიკის დღეები, კლასიკური მუსიკის დღეები, ბათუმობის ღონისძიებები.
”ბათუმში ”ჰით ბათუმის” პროექტი გრძელდება. 21-22 ივლისს ბათუმის კოლონადებთან გაიმართება ბათუმის ბიგ ბენდის კონცერტი, სადაც დასწრება ყველა მსურველისათვის უფასოა. ამის შემდეგ კი ბათუმის კორტებზე ჯაზფესტივალი გაიხსნება, ამის შემდგომ კი კოლონადების სცენაზე დაგეგმილია საბავშვო კვირეული, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
”ჰით ბათუმს” გააგრძელებს ქუჩის აქციები, გვეყოლება ნიუ ბრაზ ბენდი, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებში საინტერესო პერფომანსებს გამართავენ. ”ჰით ბათუმი” სექტემბრამდე გაგრძელდება”- აღნიშნა კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის პროექტის მენეჯერმა ეკა კუპრეიშვილმა.
”ჰით ბათუმი” ეს არის ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალური პროექტი, რომელიც 11 კვირას მოცავს. ”ჰით ბათუმი” 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ის ყველა გემოვნებისა და ასაკის ადამიანებს აერთიანებს, რადგანაც პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებებით მრავალი არტ ღონისძიებაა დაგეგმილი. ”ჰით ბათუმი” საკმაოდ განსხვავებულია პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გადავდივართ უკვე ჯაზის დღეებზე, შემდგომ იწყება საბავშვო კვირეული. გვაქვს ქუჩის თეატრის, ელექტრონული მუსიკის, კლასიკური მუსიკის კვირეულები. ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესისა და გემოვნების გათვალისწინებით დაგეგმოს ბათუმში საკუთარი დასვენების დღეები”- განაცხადა ”ჰით ბათუმის” საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა თიკო სამყურაშვილმა.
„ჰით ბათუმი 2015“-ს 15 სექტემბერს ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი პიაცაზე გამართული გალა კონცერტით დაასრულებს.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომლის ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი ესტუმრება. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
"ჰით ბათუმი 2015" საპილოტე პროექტი და იგეგმება მისი ყოველწლიურად განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს განკარგულებით ცვლილებები განხორციელდა მერიის ა(ა)იპ "ბათუმის კულტურის ცენტრის" პროგრამაში (ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა) და ღონისძიებისათვის "ბათუმი ჰიტ სეზონი 2015" პროექტისთვის 3 მილიონ 400 ათასი იქნა გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ "ჰით ბათუმი 2015"-ის ბიუჯეტიდან ღონისძიებების მხოლოდ ნაწილი ფინანსდება, რადგან ზოგიერთ პროექტს აქვს კერძო დაფინანსება, ან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობა. მაგალითად, "კულტურის ცენტრის" ბიუჯეტიდან არ ფინანსდება "შავი ზღვის ჯაზფესტივალი", ლიანა ისაკაძის ლიანა ისაკაძის„ღამის სერენადები“, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, "ფანტა ლავ ლენდი" და "აი ორკესტრა".