საქართველოში საგარეო ვალების საშინაო ვალებით ჩანაცვლება იგეგმება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის ზრდა, ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია და უკეთესი იქნება, თუ ეტაპობრივად გაიზრდება საშინაო ვალის წილი საგარეო ვალთან მიმართებაში.
"ეს ნამდვილად არ არის კარგი, არც მთავრობის ინტერესში შედის. ეს ფაქტი მოხდა, რადგან დოლარი გამყარდა თითქმის ყველა ვალუტასთან, შესაბამისად, გამოიწვია ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა. მომავალში გვინდა, რომ ეტაპობრივად მოხდეს საგარეო ვალების ჩანაცვლება საშინაო ვალებით. ზოგადად, ეკონომიკისთვის ყოველთვის უმჯობესია, ეტაპობრივად იზრდებოდეს საშინაო ვალის წილი საგარეო ვალთან მიმართებაში, მთლიან სახელმწიფო ვალში. თუმცა, აქვე აღვნიშნავ რომ დღეს, ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია დამატებითი ვალუტის შემოდინება და სწორედ ამიტომ, კონკრეტული წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საშინაო ვალის გარკვეულ შემცირებას, საგარეო ვალის უფრო მეტ მოზიდვას", - განაცხადა კაკაურიძემ.
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.