ურეკში პირველი ტურისტები უკვე გამოჩნდნენ. სანაპირო დასუფთავებულია, უსაფრთხოება გაძლიერებული. იმისათვის, რომ ურეკით ტურისტების კმაყოფილება გაიზარდოს და ეს საბოლოდ ადგილობრივებზე ეკონომიკურად აისახოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ბიუჯეტიც 65 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, გზა, ასევე მოეწყობა პარკინგის ადგილი და სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტი სამ წელზეა გათვლილი, რომლის დასრულების შემდეგ ურეკი თანამედროვე, ევროპული დონის კურორტი გახდება.
უფრო დეტალურად, თუ რა ვითარებაა ურეკში, როგორია ტურიზმის დინამიკა და ზოგადად რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ ურეკი უფრო პოპულარული კურორტი გახდეს, დეტალებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე საუბრობს.
- რა სიახლეებით შეხვდა დაბა ურეკი ახალ ტურისტულ სეზონს და რა მდგომარეობაა კურორტზე, გამოჩდნენ თუ არა პირველი ტურისტები?
- ურეკში პირველი ტურისტები უკვე გამოჩნდნენ. წინა წლებთან შედარებით სანაპირო დასუფთავებულია, უსაფრთხოება გაძლიერებული. პლაჟზე 15 მაშველი პატრულირებს. სეზონის განმავლობაში ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ. მაგნიტური ქვიშა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ურეკში დამსვენებელთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს. მედიკოსები ურეკის სანაპიროზე დასვენებას გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოებისა და ნევროზის პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ. ურეკში, ჯერ კიდევ, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და მათი მოგვარებისკენ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ.
გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი კომუნიკაციები წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემებია. თუმცა, წელს დაბა ურეკში აღნიშნული პრობლემების მოგვარება კომპლექსურად დაიწყო. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ურეკში პირველად განხორციელდება. დავიწყეთ წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, გაზიფიკაცია. სამუშაოების ღირებულება 65 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოწესრიგდება გზა. მოეწყობა პარკინგის ადგილი და სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტი სამ წელზეა გათვლილი, რომლის დასრულების შემდეგ ურეკი თანამედროვე, ევროპული დონის კურორტი გახდება.
- როგორია დინამიკა, დაახლოებით რა რაოდენობის ტურისტი სტუმრობდა გასულ წელს კურორტს და რა მოლოდინი და გათვლებია 2015 წლის სეზონისთვის?
- გასულ წელს დაბა ურეკს უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი ეწვია. შარშანდელი მონაცემებით, ტურისტების რაოდენობამ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, 100 ათასს გადააჭარბა. მოგეხსენებათ, სეზონმა შარშან უნალექოდ ჩაიარა. რაც შეეხება, წლევანდელ სეზონს, მოლოდინი 60-დან 80 ათასამდეა, რაც არასტაბილური ამინდით არის განპირობებული. ამ დროისთვის, ურეკში 7 - დან 10 ათასამდე დამსვენებელია. მიმდინარე თვის შუა რიცხვებიდან ტურისტების მატებას ველოდებით.
- რაც შეეხება ფასებს, რა ფასებია განთავსების საშუალებებში და საშუალოდ რა დაუჯდება ტურისტს ურეკში 7 დღიანი დასვენება?
- კერძო სასტუმროებში ფასები, ამ დროისთვის, კაცზე ორჯერადი კვებით, 60 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. საოჯახო ტიპის სასტუმრო კვების გარეშე ერთ კაცზე 25-30 ლარი ჯდება, კვებით 35-40 ლარი. ოჯახებში ღამის თევა 7 ლარიდან-15 ლარამდეა, აგვისტოში კი 10-დან 20 ლარამდე მოიმატებს. რაც შეეხება, საოჯახო ტიპის სასტუმროებს, სავარაუდოდ, ერთი კაცი 7 დღე - 250-300 ლარი, ხოლო სასტუმრო - 7 დღე - 400-450 ლარი დაჯდება.
- რა ფასებია ბაზარზე, დინამიკა გასულ წელთან შედარებით შეიცვალა თუ არა?
- გასულ წელთან შედარებით, დინამიკა არსებითად არ შეცვლილა. ფასები იგივე რჩება.
- რაც შეეხება სასტუმროებს, რამდენი სასტუმრო ნომერია ურეკში და რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის, რომ ინვესტორები მოზიდოს და უფრო მეტი გასართობი თუ განთავსების საშუალებები გაჩნდეს?
- დაბა ურეკში 70 კერძო, 250 სააგარაკო, 150 საოჯახოს ტიპის და ორმოცი მშენებარე სასტუმროა. იმისთვის, რომ დაბა ურეკსა და შეკვეთილში გავზარდოთ განთავსებისა და გასართობი დაწესებულებების რაოდენობა აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორების დაინტერესებაზე. ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას და კომუნიკაციებს. მაქსიმალურად ვცდილობთ კერძო ბიზნესის ხელშეწყობას და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
- გარდა იმ მარკეტინგული კამპანიისა, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეწევა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რა კეთდება ტურისტების მოსაზიდად?
- ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემუშავებული ტურისტული პოლიტიკის გატარება. ამ მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განყოფილება მუშაობს. გარდა ამისა, სხვადასხვა მედიასაშუალებებით მუდმივად ხდება ურეკის ქვიშების სამკურნალო თვისებებზე აქცენტირება. პერმანენტულად ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას.
- სტატისტიკა როგორია, ურეკით ინტერესს ძირითადად ადგილობრივი ტურისტები იჩენენ თუ უცხოელი ტურისტების სიჭარბეც შეინიშნება? თუ კი რომელი ქვეყნებიდან?
- წელს ურეკში ტურისტების ჭარბი რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. აქ არიან სომეხი და აზერბაიჯანელი დამსვენებლები, გვყავს ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან, საფრანგეთიდანაც კი. არიან ადგილობრივებიც, თუმცა, თუკი, შარშან მათი რაოდენობა თითქმის უთანაბრდებოდა უცხოელი ტურისტების რაოდენობას, წელს ეს მონაცემები შეიცვალა. უცხოელი მეტია, ვიდრე ადგილობრივი. ამის მიზეზად, ისევ არასტაბილური ამინდი შეიძლება დავასახელოთ.
- მუნიციპალიტეტის დონეზე თუ მოქმედებს რაიმე პროგრამა, რომელიც ტურისტულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს და რა მდგომარეობაა ამ მხრივ რაიონში? უფრო კონკრეტულად რა მიმართულებითაა სამუშაო?
- მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განვითარების განყოფილება თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ტურიზმი და რეალობა.“ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურისტული კერების კვლევა, მათი აღწერა და მონაცემთა ბაზის შექმნა. მოქმედებს პროგრამა, რომელიც პროექტის მენეჯერებს, ფოტოგრაფებს, მობილიზატორებს, მძღოლებს და გიდებს გადაამზადებს. რაც შეეხება, ტურისტულ ობიექტებს, თუ კერძო სასტუმროებს გულისხმობთ, ისინი თვითონ ზრუნავენ თავიანთი კადრების გადამზადებაზე, მუნიციპალიტეტი მათ მხოლოდ მომსახურების სევისს სთავაზობს.
გეტყვით იმასაც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკურორტო ზონებში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით, სეზონის განმავლობაში დასუფთავების მასშტაბური აქციები მოაწყო. ბიუჯეტიდან გამოიყო 420 ათასი ლარი დასუფთავების ახალი მანქანებისა და პლაჟის ტექნიკის შესაძენად.
მყარი ნარჩენების გატანისა და საკურორტო ზონების დასუფთავების ორგანიზებისთვის შეძენილ იქნა დასუფთავების ახალი მანქანები. დაბა ურეკსა და შეკვეთილს ემსახურება 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით.
ნაგავმზიდ მანქანებს მყარი ნარჩენები ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 3-ჯერ გააქვთ.
დაბა ურეკში საკანალიზაციო-გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგების სისტემის და სანიაღვრე არხების მშენებლობა 15 ივნისიდან დაიწყო. ადგილზეა 5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი „აზია ბანკის“ დაფინანსებით ახორციელებს.
მოეწყო 355 მმ. დიამეტრის მილების წყლის ცენტრალური მაგისტრალი წვერმაღალა-ურეკი-შეკვეთილის მონაკვეთზე - სიგრძით 1 300 მ.
მიმდინარეობს წყალმომარაგების გარე ქსელის და სატუმბი დანადგარების მოწყობა. სეზონის დასრულებისთანავე სამშენებლო კომპანია „ფერი“დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს.
წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის სამუშაოების ჯამური ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს.
დაწყებულია დაბა ურეკის გაზიფიკაციის სამშენებლო სამუშაოები.
ამ დროისთვის, გაყვანილია 32 კმ. სიგრძის გაზის მაგისტრალი შეკვეთილი-ურეკი-წვერმაღალის ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს მიეცემა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაბა ურეკის მაცხოვრებელთა მთავარ პრობლემას ამორტიზებული გზა წარმოადგენს, თუმცა საკანალიზაციო-გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგების სისტემის, სანიაღვრე არხების მშენებლობის დასრულებამდე (აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება მიწის ქვეშ) გზის კაპიტალური შეკეთება მიზანშეწონილი არ არის.
მიმდინარე სეზონზე დაბა ურეკსა და შეკვეთილს 15 მაშველი და ორი სკუტერი მოემსახურება. სამაშველო სამსახური აღჭურვილია საჭირო ინვენტარით: სამაშველო რგოლებით, თოკებით და რად იოგადამცემებით.
გარდა ამისა, დამსვენებლებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მის დაბა ურეკსა და შეკვეთილში, დაავადების გადამტანებთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.
კურორტის პოპულარიზაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, შეკვეთილი-ურეკი- მაგნეტიტის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობს.
”ჯი-ეიჩ-ენი” ესაუბრა მაია არაბიძე