დაბა ურეკში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკურორტო ზონებში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიზნით, სეზონის განმავლობაში დასუფთავების მასშტაბური აქციები მოაწყო. ბიუჯეტიდან გამოიყო 420 ათასი ლარი დასუფთავების ახალი მანქანებისა და პლაჟის ტექნიკის შესაძენად.
მყარი ნარჩენების გატანისა და საკურორტო ზონების დასუფთავების ორგანიზებისთვის შეძენილ იქნა დასუფთავების ახალი მანქანები. დაბა ურეკსა და შეკვეთილს ემსახურება 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა კონსტრუქციულად შესაბამისი სანაგვე ურნებით.
ნაგავმზიდ მანქანებს მყარი ნარჩენები ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში 3–ჯერ გააქვთ.
დაბა ურეკში საკანალიზაციო–გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგების სისტემის და სანიაღვრე არხების მშენებლობა 15 ივნისისდან დაიწყო. ადგილზეა 5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი „აზია ბანკის“ დაფინანსებით ახორციელებს.
მოეწყო 355 მმ. დიამეტრის მილების წყლის ცენტრალური მაგისტრალი წვერმაღალა-ურეკი-შეკვეთილის მონაკვეთზე - სიგრძით 1 300 მ.
მიმდინარეობს წყალმომარაგების გარე ქსელის და სატუმბი დანადგარების მოწყობა. სეზონის დასრულებისთანავე სამშენებლო კომპანია „ფერი“დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს.
წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის სამუშაოების ჯამური ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს.
დაწყებულია დაბა ურეკის გაზიფიკაციის სამშენებლო სამუშაოები.
ამ დროისთვის, გაყვანილია 32 კმ. სიგრძის გაზის მაგისტრალი შეკვეთილი-ურეკი-წვერმაღალის ტერიტორიაზე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს მიეცემა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაბა ურეკის მაცხოვრებელთა მთავარ პრობლემას ამორტიზებული გზა წარმოადგენს, თუმცა საკანალიზაციო–გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგების სისტემის, სანიაღვრე არხების მშენებლობის დასრულებამდე (აღნშნული სამუშაობი ხორციელდება მიწის ქვეშ) გზის კაპიტალური შეკეთება მიზანშეწონილი არ არის.
მიმდინარე სეზონზე დაბა ურეკსა და შეკვეთილს 15 მაშველი და ორი სკუტერი მოემსახურება. სამაშველო სამსახური აღჭურვილია საჭირო ინვენტარით: სამაშველო რგოლებით, თოკებით და რადიოგადამცემებით.
”გარდა ამისა, დამსვენებლებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მის დაბა ურეკსა და შეკვეთილში, დაავადების გადამტანებთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.
კურორტის პოპულარიზაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, შეკვეთილი-ურეკი- მაგნეტიტის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობს”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.