აჭარის მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელებაში ეხმარება. რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია ”გოდე 2014”-ს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის დაწყების ვადა გადაუვადდა.
”გოდე 2014”-ს, რომელმაც ბათუმში, გორგასალის ქ.N159-ბ-ში მდებარე 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე იყიდა და 2015 წლის აპრილში ობიექტის მშენებლობა უნდა დაეწყო, გეგმები შეეცვალა.
კომპანიამ მიწის ნაკვეთის გადაცემისთანავე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დროულად დაიწყო და აღმოაჩინა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 6-7 სართულზე მეტი შენობის აშენება შეუძლებელი იყო. ამიტომ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის, კომპანია იძულებული გახდა , 500 კვ/მ მიმდინარე ტერიტორიის შესყიდვისათვის მოლაპარაკებები დაეწყო.
”გოდე 2014”-მა მოახერხა და 2015 წლის 14 აპრილის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტი, საერთო ფართით 19 600 კვმ, მზადაა და ბათუმის მერიაში შესათანხმებლად უკვე წარდგენილია.
როგორც ირკვევა, ხიმინჯების განთავსებას დასავლეთ საქართველოში კომპანია შპს „ბაური“ ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას გააჩნია სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო სრული ტექნიკა, მაგრამ შპს „ბაური“ მინიმუმ 4 თვე დაკავებულია, შესაბამისად სამუშაოებს ვერ შეასრულებს.
სწორედ ამიტომ, კომპანიამ მთავრობას მშენებლობის დაწყების ვადის 4 ოქტომბრამდე გადაწევა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ჯარიმებისაგან განთავისუფლება სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ შპს „გოდე 2014“-მა 2014 წლის 22 სექტემბერს პირობებიან აუქციონზე ბათუმში, გორგასალის ქ.N159-ბ-ში მდებარე 1500 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა. პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იყო, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის (10.04.2015) ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა მიეღო და მრავალფუნქციური შენობა ნაგებობის მშენებლობა დაიწყო, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში შეეყვანა.
ინვესტორი ვალდებულია ასევე, რომ ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლიდან 8 თვის ვადაში, შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 1500 კვმ ფართში სამედიცინო დაწესებულება მოაწყოს. სახელმწიფოსა და „გოდე 2014“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 2,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინოს.