ხვალ, 7 ივლისს, 11.00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზენტაციის გამართავს და საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნობს. ღონისძიებას ესწრებიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების კოორდინაციით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ამოქმედება დაიწყო. ეს პირველი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მეწარმეობის წახალისებაზე, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და უკვე არსებულის გაფართოება-გადაიარაღებაზე.