2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტის სფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რის შემდეგაც ცვლილებები მთავრობას პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნდება.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იცვლება მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც 5%-დან 2%-მდე ჩამოდის. საბიუჯეტო შემოსულობებთან დაკავშირებით იცვლება ის, რომ საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები.
დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით.
სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, პარლამენტს ეროვნული ბანკისა და გენერალური აუდიტორის დასკვნები უკვე წარედგინა.