ბოლო პერიოდში სოციალური ქსელებით ბათუმის ბულვარში გადაღებული ფოტო თუ ვიდეო მასალა ვრცელდება, სადაც ბულვარში ძროხების სიმრავლე ფიქსირდება, რაც თავის მხრივ ტურისტების აღშფოთებას იწვევს.
როგორც ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს ”სანდასუფთავებაში” განმარტავენ, წელს კომპანიის მიერ 90 ოქმია გამოწერილი, რომლის მიხედვითაც მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონეები დაჯარიმდნენ. ჯარიმა კი 30-50 ლარიდან იწყება.
როგორც ”სანდასუფთავების” დირექტორი დავით ასამბაძე აცხადებს, მათ მიერ ჯარიმების შესახებ საქონლის მეპატრონეების გაფრთხილება მოხდა, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი მსხვილფეხა რქოსანს ბულვარში მაინც უშვებენ. ასამბაძის განმარტებით, ბულვარში მეველეების პატრულირებაც ხდება, რათა ტერიტორიაზე საქონლის შესვლა აღიკვეთოს. სწორედ ამ ადამიანების მიერ ხდება საქონლის ”დაპატიმრება” და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა. თუ კი პირუტყვის გადაყვანას სპეციალური სატრანსპორტო საშუალება დასჭირდა, მაშინ მის მეპატრონეზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, თუმცა თუ სატრანსპორტო საშუალება საჭირო არ არის - ჯარიმა 30 ლარია.
როგორც ”სანდასუფთავების” ხელმძღვანელი განმარტავს, ”დაპატიმრებულ” საქონელს მეპატრონეები იმავე დღეს აკითხავენ, თუმცა თუ კი მათი გაყვანა სადგომიდან იმავე დღეს არ მოხდა, მაშინ ყოველი დღის გადაცილებაზე ჯარიმა 10 ლარით იზრდება.