ორშაბათს, 6 ივლისს, 11.00 საათზე, თბილისში, უზნაძის ქ. 18-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ სერვის-ცენტრი გაიხსნება. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის-ცენტრის მთავარი ამოცანა, სამთავრობო ინიციატივის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის საინტერესო და საჭირო კითხვებზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის გაცემაა. გარდა ამისა, სერვის ცენტრი ხელმისაწვდომს ხდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმაციით უზრუნველყოფას.
ყველაფერთან ერთად, ღია სივრცის პრინციპით მოწყობილ ოფისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო ინტერნეტით ისარგებლოს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე და გამოიყენოს ბიზნესის კუთხით არსებულ საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკა.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს საინფორმაციო ცენტრს შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის ქ. №5/16-18, 0102 (დ. უზნაძის ქ. 18) და სერვის ცენტრის ოფიცრებისგან პირადად მოისმინოს კონკრეტულ კითხვებზე შესაბამისი პასუხები ან დარეკოს ცხელი ხაზის ნომრებზე 2 99 10 44/ 2 99 11 28