პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხარაგაულში, სარკინიგზო სადგურ" ძირულასთან" ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენებული 962 მეტრი სიგრძის გვირაბი, საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა და "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელისგან პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
პრემიერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაიჭრება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოში რკინიგზის არსებობიდან დღემდე გვაქვს. კერძოდ, შესაძლებელი იქნება ერთლიანდაგიანი მონაკვეთის ორლიანდაგიანად გადაკეთება.
"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება700 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება”, - აცხადებს პრემიერი.