„ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, ფაქტიურად, მთელი სამინისტრო გარდაქმნა „ქოლ-ცენტრად“ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „მოქალაქეებს, ფაქტიურად,მთელი ჩვენი სამინისტრო ემსახურება. შედგა ასევე ბანკებთან შეთანხმება, რომ მოწყობილობების შესაძენად განვადებები იქნას ფართოდ გამოყენებული. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბანკების ასოციაციას, ვინაიდან მიიღეს ეს წინადადება და ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დღეს ბრიფინგიც არის ჩანიშნული. გრაფიკს ჩვეულებრივად მივყვებით, ეს არ არის,რა თქმა უნდა, მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება და ვცდილობთ, რომ მინიმალურად მტკივნეული გავხადოთ ეს პროცესი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.