ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მთავრობა სუბსიდირების შესახებ იმსჯელებს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რის გამოც მათ სემეკს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართეს.
,,ამ მიმართულებით სემეკი მუშაობს. მე ადრეც გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა, ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვნახოთ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ალბათ უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თუკი სემეკი კომპანიების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მთავრობა სუბსიდირებაზე ერთობლივად იმსჯელებს.
"იმ შემთხვევაში თუ ტარიფის დათვლის შედეგად, გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ მთავრობა შეიკრიბება. ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ უნდა იყოს, მთავრობა ერთად შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა მინისტრმა.