საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს კარი და გული ყველა ინვესტორისთვის ღიაა. "თიბისი" ბანკის სათაო ოფისში საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმის გახსნაზე, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თითოეული ინვესტიცია იქნება დაცული მაქსიმალურად.
,,ენერგეტიკული მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარი ღიაა და მინდა ასევე დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჩადებული ინვესტიცია იქნება მაქსიმალურად დაცული და ხელშეუხებელი”, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია ენერგეტიკულ განვითარებაზე. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ენერგეტიკის სამინისტრო, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბევრი პროექტი განხორციელდა, ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება.