უცხოელი სპეციალისტები სტიქიის სალიკვიდაციო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმას გაეცნენ, რის შემდეგაც სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელ ფინანსურ საჭიროებებს განსაზღვრავენ.
ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკის, აშშ-ს სატყეო სამსახურისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლებმა, თბილისის მერთან ერთად ვერეს ხეობა ვერტმფრენით დაათვალიერეს.
დღესვე შედგა შეხვედრა თბილისის მერიაში, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილეები - გიორგი ხელაია და ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდნენ.
„მისასალმებელია, რომ სწრაფი და ადეკვატური იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების გამოხმაურება თბილისში მომხდარ სტიქიაზე, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვერეს ხეობის უსაფრთხოების პროექტის განხორციელებაში თქვენი მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახმარება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.