შპს "რუსთავის ფოლადი" სამსახურიდან რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვნას იწყებს, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საწარმოს გენერალური დირექტორის ნუგზარ კაჩუხაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა ფასების მკვეთრი შემცირებით, ასევე კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესებით გამოწვეული შეზღუდვებით.
,,უკანასკნელ წლებში რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა. სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი, წიდის მარაგის გამოყენება. ჩვენ პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4553 ლარს და 48 თეთრზე დავობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებას. ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს", - განაცხადა ნუგზარ კაჩუხაშვილმა.
მისივე თქმით, მენეჯმენტი იძულებულია, მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით, დაითხოვოს თანამშრომლები.
კაჩუხაშვილის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა 2500-მდე იყო, თებერვალში შპს იძულებული გახდა შეემცირებინა 360 თანამშრომელი, ხოლო ამჟამად იგეგმება თანამშრომელთა შემცირება 300-500 ადამიანით.
"რუსთავის ფოლადის" ადვოკატი გოჩა გოგიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესები ჭიანურდება.
,,თუ დარჩენილი სასამართლო პროცესები ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც წინა, შესაბამისად, ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება საშუალება, გავიდეთ ძველ სიმძლავრეზე და ხელახლა დავიწყოთ კადრების აყვანა”, - აღნიშნა ადვოკატმა.