საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატირებისთვის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანაა აუცილებელი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელიც სააგენტოსა და ევროკონტროლს შორის მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს, ევროკონტროლის ექსპეტრების მიერ სამუშაო გამოცდილების გაზიარება და უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატირების შესახებ ევროპული რეგულაციების თუ საუკეთესო პრაქტიკის ქართულ რეალობაში დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
უცხოელ ექსპერტებთან ერთად, შეხვედრას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირებიც უძღვებოდნენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპლუატირების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აუცილებლობაზე, ასევე ევროპული საუკეთესო პრაქტიკის ქართულ რეალობაში გადმოტანაზე, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს და გაზრდის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დროს ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სააგენტოს, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შპს საქაერონავიგაციის და იმ საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს საქართველოს საჰაერო სივრცეში. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები, მათთვის საინტერესო კითხების ირგვლივ.