ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა გაყიდულია. პირობებიან აუქციონზე შენობა 9 მლნ 450 ათას დოლარად გაიყიდა.
თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე 4210.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საწყისი ღირებულება კი 6 მლნ დოლარი იყო.
შენობის ახალი მფლობელის ვინაობა კი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ქონების მართვის სააგენტო საიტზე ოფიციალურ ინფორმაციას განათავსებს.
სამომავლოდ კი შენობაში მაღალი დონის სასტუმროს განთავსება იგეგმება.
აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 100 ნომრიანი) შექმნა (მათ შორის მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება) და ფუნქციონირების დაწყება, უზრუნველყოს.
ასევე პირობებში წერია, რომ მყიდველის მიერ უზრუნველყოფილ იქნას აუქციონის დასრულებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპრივატიზებო უძრავი ქონებით, უსასყიდლოდ, გამყიდველის და გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის სარგებლობა.