სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კომპანია შპს „ჯორჯიატური“ ზესტაფონის რაიონში ახალ საწარმოს 2015 წლის ოქტომბრის მიწურულს აამოქმედებს.
შპს „ჯორჯიატური“ გაყინული კვების პროდუქტების წარმოების კუთხით გეგმავს ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას, რომლის ჯამური ღირებულება 376 000 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია მიზნად ისახავს წარმოებული პროდუქციის მთელი საქართველოს მასშტაბით რეალიზაციას, სამომავლოდ კი ნაწარმის საზღვრებს მიღმა ექსპორტზე გატანაცაა გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულმა კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის მიზნით, საწარმოს შენობა-ნაგებობათა კეთილმოწყობა განახორციელა და მოწოდებულია კვების პროდუქტების წარმოების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს მომხმარებლისთვის მისაღებ ფასებთან ერთად, მაღალხარისხიანი პროდუქციის შეთავაზების გზით კონკურენცია გაუწიოს. გარდა ამისა, კომპანიის სადისტრიბუციო არხებთან თანამშრომლობა მჭიდრო, სტაბილურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული, რაც საწარმოს გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების მყარ საფუძველს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ინიციატივა, „აწარმოე საქართველოში“, კონცენტრირებულია წარმოების განვითრებისაკენ და მთავარ ამოცანას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივ საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ზრდა წარმოადგენს.