საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ჰენრი კერალმა საქართველოს დეპუტატებთან დღეს კონფიდენციალური შეხვედრები გამართეს და პარლამენტი უკომენტაროდ დატოვეს.
შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმაც. მისი თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რამაც ურთიერთობაში პოზიტიური განწყობა შექმნა.
კითხვაზე - იყო თუ არა მსჯელობის საგანი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკანონმდებლო პროექტი, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ესეც ერთ-ერთი საკითხი იყო.
"მოდი, დეტალებისგან თავი შევიკავოთ. შეხვედრა კონფიდენციალური იყო. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო პიზიტიურია ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იმასთან შედერებით, ვიდრე დაიწყო, იმიტომ რომ მანამდე არ ვიცნობდი"-განუცხადა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაურთან და მის პირველ მოადგილე ნოდარ ებანოიძესთან შეხვედრის შემდეგ, აზიმ სადოკოვი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, დეპუტატ დავით ონოფრიშვილს შეხვდა.