2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, შესაბამისი ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული პროცესი დადებითად შეაფასა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.
"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ კოლეგებთან, ამავე დროს გავითვალისწინეთ ის, რაც მოხდა თბილისში 13-14 ივნისს და დღეს წარმოვადგინეთ უკვე პროექტის საბოლოო ვარიანტი. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. ეს შეეხება მიმდინარე ხარჯებს, თუმცა აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის”, აღნიშნა ნოდარ ხადურმა.