საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო სადისკუსიო პანელში, სადაც საქართველოს ბიზნეს-გარემოს, მთავრობის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების, ასევე საბანკო სექტორის როლის შესახებ ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი არის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია შავი ზღვის აუზის ბანკის მიერ და მოწოდებულია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიური შეხვედრის ადგილად განისაზღვრა საქართველო, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო არის რეგიონში კოოპერაციის ადგილი, საქართველო არის ადგილი, სადაც ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ევრობანკი, ასევე შავი ზღვის ბანკი ატარებენ წლიურ შეხვედრებს და ბიზნეს-ფორუმებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს მომზადებული აქვს საქართველოსთან 2015-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც სამთავრობო პროგრამების, ექსპორტის, ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკს საქართველოში განხორციელებული აქვს 24 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 123 მილიონ ევროს აჭარბებს.
თბილისში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა და ბიზნეს-ფორუმი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით იმართება.