2015 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 838,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,1 პროცენტით.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,5 პროცენტი) და ვაჭრობა (16,1 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (6,3 პროცენტი),
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი).
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22,9 პროცენტი), მშენებლობა (17,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,9 პროცენტი), ტრანსპორტი (8,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,3 პროცენტი), კავშირგაბმულობა (5,4 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,2 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (4,5 პროცენტი), განათლება (4,3 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-5,2 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2,5 პროცენტი).
2015 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.
ტრანსპორტის სფეროში მაღალი ზრდის ტემპი წარმოადგენს რკინიგზის ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრასნპორტირების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგს.
დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში დამატებული ღირებულების შემცირება ძირითადად განპირობებულია ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით, ხოლო ვაჭრობის სფეროში - ავტომობილებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის შემცირებით.