”ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ტურისტული ბიზნესის განვითარება”, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BSTDB-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმზე - „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებში ამ სფეროშიც მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული. საქართველოში ფართო არჩევანია დასვენებისა და გართობის კუთხით. ეს არის ზღვისა და მთის კურორტები, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა.
”უნდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება ღიაა თანამშრომლობისათვის ყველა ქვეყნის ბიზნესპარტნიორისთვის, რეგიონალური თუ საერთაშორისო მნიშვნელობის საინვესტიციო ორგანიზაციებისთვის, ყველა ინვესტორისთვის”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ, 19-21 ივნისს, საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც მოიცავს დირექტორთა საბჭოს და მმართველთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე ბიზნეს ფორუმს. საქართველოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თერთმეტი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
20 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
21 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნება, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, BSTDB-ის მმართველი საქართველოს მხრიდან გიორგი ქადაგიძე.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი(BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი და რუსეთი. მისი შტაბ-ბინა არის საბერძნეთში, სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. BSTDB -ს „სტანდარტ ენდ ფუარის“ (Standard and Poor’s) მიერ მინიჭებული აქვს გრძელვადიანი „A”, ხოლო „მუდისის“(Moody’s) მიერ - A2.