2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა ნომინალური შიდა პროდუქტის 4.4 პროცენტი, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BSTDB-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმზე - „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“, გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მხოლოდ ტრანზიტისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული.
” აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ამ სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა, - ჩვენ მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გვაქვს, რომელიც განპირობებულია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი პირობებით. ამ სფეროში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ პარტნიორობას ფართო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში.
გარდა ამისა, უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა საწარმოო სექტორში - 2014 წელს ინდუსტრიული წარმოების წილი მთლიან შიდა პროდუქტში იყო 17.1 პროცენტი. ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის ქვეყანაში შექმნილია კარგი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ ევროპის ბაზარი ღიაა ქართული წარმოების პროდუქციისათვის.
აღსანიშნავია, რომ გაჩნდა გლობალურ ბაზრებზე წვდომის ფართო შესაძლებლობა”, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, 19-21 ივნისს, საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც მოიცავს დირექტორთა საბჭოს და მმართველთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე ბიზნეს ფორუმს. საქართველოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თერთმეტი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
20 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
21 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნება, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, BSTDB-ის მმართველი საქართველოს მხრიდან გიორგი ქადაგიძე.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი(BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი და რუსეთი. მისი შტაბ-ბინა არის საბერძნეთში, სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. BSTDB -ს „სტანდარტ ენდ ფუარის“ (Standard and Poor’s) მიერ მინიჭებული აქვს გრძელვადიანი „A”, ხოლო „მუდისის“(Moody’s) მიერ - A2.