19-21 ივნისს, საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც მოიცავს დირექტორთა საბჭოს და მმართველთა საბჭოს შეხვედრებს, ასევე ბიზნეს ფორუმს. საქართველოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თერთმეტი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
19 ივნისს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად რეგიონულ ბიზნეს ფორუმს „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“ უმასპინძლებს, რომლის მიზანია, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და პრიორიტეტის გაცნობა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნესისათვის. ფორუმს რუსთაველის თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონის ექსპერტები და პოლიტიკოსები. შეხვედრაზე მოხდება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
20 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
21 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნება, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, BSTDB-ის მმართველი საქართველოს მხრიდან გიორგი ქადაგიძე.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი(BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი და რუსეთი. მისი შტაბ-ბინა არის საბერძნეთში, სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. BSTDB -ს „სტანდარტ ენდ ფუარის“ (Standard and Poor’s) მიერ მინიჭებული აქვს გრძელვადიანი „A”, ხოლო „მუდისის“(Moody’s) მიერ - A2.