შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტს და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ პროგრამაში, რომელიც "აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის" პროექტით არის გათვალისწინებული.
PABSEC- ის გენერალური ასამბლეა მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარეობს. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონისთვის ჩინეთის მიერ გაცხადებული საერთაშორისო პროექტი - "აბრეშუმის გზა-ეკონომიკურ სარტყელი" განიხილეს.
ასამბლეის წევრებმა ასევე "აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის" შექმნაზე და მის მიერ აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნებში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების საკითხზე ისაუბრეს. დეპუტატებმა იმსჯელეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ამ პროექტთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
დღის წესრიგში "აბრეშუმის გზის" პროექტებში PABSEC-ის სპეციალური წარმომადგენლის არჩევნების საკითხი დადგა .
ორგანიზაციის 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.
სხდომის დასასრულს, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატალია მირჩევამ დავით საგანელიძეს მიულოცეს და ამ საპატიო, მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვეს.
თავის მხრივ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გამოთქმული ნდობისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე და PABSEC-ს გენერალური მდივანი ოქტომბრის თვეში თბილისში დაგეგმილ "აბრეშუმის გზა-საქართველო" საერთაშორისო ფორუმზე მოიწვია.