აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 41,2 %-ით გაიზარდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში რეგიონში 76,4 მლნ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის იანვარ-მარტში აჭარაში 54,1 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება დაფიქსირდა.
სამინისტროს განმარტებით, 2015 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციებიდან, დარგობრივ ჭრილში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციები ლიდერობს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, პირველ კვარტალში ენერგეტიკის სფეროზე, რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 39,4%-ი მოდის, ტურიზმზე - 38,4%-ი, მშენებლობაზე - 19,2 %-ი, სოფლის მეურნეობა - 1,8 %-ი, მრეწველობა - 0,2 %-ი, ხოლო სხვა დარგები კი 1 %-ი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნებია: თურქეთი (46.7%), ნორვეგია (33.5%) , ინგლისი (5.7%) და აზერბაიჯანი(4.7%).
სამინისტროში ამბობენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის შემდეგ დარგებზე: ენერგეტიკა (50.9%), ტურიზმი (43%) და მშენებლობა (5.9%).