გურიაში, გომისმთაზე სამთო სათხილამურო კურორტი მოეწყობა, რისთვისაც მთავრობა ინვესტორებს უკვე ეძებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდება.
რა მოცულობის ინვესტიციაა საჭირო პროექტის განხორციელებისათვის, ეს განაშენიანების გენერელური გეგმის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა აშკარაა, რომ ახალი კურორტის მშენებლობა, ადგილობრივთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებით ასახვას ჰპოვებს.
”რაც შეეხება, სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს, ინფრასტურქტურულ სამუშაოებზე, რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ადგილობრივ ფერმერებს და სოფლის მოსახლეობას საშუალება მიეცემა დამსვენებლები ადგილზე წარმოებული ნატურალური პროდუქტით მოამარაგონ. გარდა ამისა, ეს გახდება განსაკუთრებულად საინტერესო ადგილი ექსტრემალი ახალგაზრდებისთვის. მაგალითად, წელს, სექტემბერში გომისმთამ პროექტ ,,ლეგენდების კვალდალვალ” ფარგლებში, ახალგაზრდულ, შემეცნებით-საგანმანათლებლო ალპინიადას უმასპინძლა”, - აცხადებს გამგებელი.
თუმცა, პროექტის დაწყებამდე, ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული სამუშაოების ჩატარება მოუწევს.
”სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. კურორტზე არ არის ელექტროენერგია. გომისმთაზე, წელს პირველად, მუნიციპალიტეტი სასმელის წყლის სისტემას მოაწყობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტზე. მოხდება თოვლის საფარის შესწავლა”, - განმარტავს მერაბ ჭანუყვაძე.
მისივე თქმით, 2013 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში, კურორტამდე მისასვლელი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. მოეწყო გზის სამაგრი გაბიონები, ახალი მილხიდები, გზის დამცავი ჯებირები და სანიაღვრე არხები.
”2014 წლის აგვისტოში, აშენდა აგარაკებიდან კრატერული წარმოშობის ჭინჭაოს ტბამდე მისასვლელი 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი. გზა გაყვანილი იქნა ასევე, სამემთაბარეო ფერმებამდე, ე.წ. “ლორის კარავზე”, რაც მომთაბარე ფერმერებს დამსვენებლებისათვის სასოფლო სამეურნეო ნატურალური პროდუქტების მიწოდებას გაუადვილებს”,- აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის გომისმთაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის, კურორტს დამსვენებელი არ აკლია. როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი აცხადებს, გომისმთა დასასვენებლად, როგორც ადგილობრივ ასევე, უცხოელ დამსვენებლებსაც იღებს. თავის მხრივ კი, ველური ბუნება და სამკურნალო თვისებები, ტურისტებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
გომისმთაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობაზე რამდენიმე კვირის წინ, გურიაში ვიზიტად მყოფმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. როგორც მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, გომისმთა ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარეობს, განუმეორებელი ბუნება და ჭინჭაოს ტბა კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
”გომის მთა უხვთოვლიანია და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის იდეალური რელიეფი აქვს. ჩვენი მიზანი ინვესტორების დაინტერესებაა. მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა გომისმთის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით. იმისათვის, რომ ეს ადგილები ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ, უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. იმედია, ეს კურორტი, ურეკთან ერთად, იქნება ყველაზე საინტერესო ადგილი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური საბჭო, მაღალმთიან ალპურ ზონაში მდებარე კურორტების განვითარების კონცეფციას უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
”თქვენ იცით, ურეკის უმდიდრესი მაგნიტური ქვიშის რესურსის შესახებ. ამ კურორტსაც უზარმაზარი პერსპექტივა აქვს. რაც მთავარია, მთავრობა სერიოზულად დაინტერსდა ამ თემით. პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ მთავრობის გასაკეთებელი იქნება - გზები, წყალი, ელექტროენერგია, რაც დაიწყება მიმდინარე წელს და მომავალ წელს დასრულდება. მისი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. იმედია, ეს კურორტი ურეკთან ერთად იქნება ყველაზე საინტერესო ადგილი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის”, - აცხადებს მერაბ ჭანუყვაძე.
აღსანიშნავია, რომ გომისმთა მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული - ზომიერად გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15–18°C. ნალექების წლიური რაოდენობა 1600-1700 მმ-ია. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა კი 75%.
გომისმთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, სოჭი) და წყაროებით. მასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.
გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. მთამ, როგორც კურორტმა, ყურადღება 1931 წელს მიიქცია, როდესაც კურორტზე ფილიპე მახარაძე ავიდა და დაათვალიერა, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე 1950-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი.