ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ, „არასწორია“ და მოუწოდა ისრაელის მთავრობას „დაუყოვნებლივ გადახედოს ამ საკითხს“.
„ეს ქმედება ვერაფერს გააკეთებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად ან მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ეს მხოლოდ მეტ სისხლისღვრას გამოიწვევს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა, ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლება და მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტა“. - განაცხადა სტარმერმა.
სტარმერმა აღნიშნა, რომ ჰამასი ვერ მიიღებს მონაწილეობას ღაზის მომავალში და ის უნდა წავიდეს და განიარაღდეს.
„დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს გრძელვადიან გეგმაზე, რათა უზრუნველყოს მშვიდობა „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ფარგლებში.
მაგრამ ორივე მხარის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გარეშე, ეს პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ქრება. ჩვენი გზავნილი ნათელია: დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელია, მაგრამ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი“, - თქვა სტარმერმა.