ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ათონელზე მდებარე რეზიდენციის რეალურ ფასად გაყიდვა რთული იქნება. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა ასევე, რომ შენობასთან დაკავშირებით ბევრ ინვესტორთან უკვე იყო საუბარი, თუმცა გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, რეალურ საფასურს არავინ იხდის.
,,შენობა არის ძალიან ძვირად ღირებული, გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირეზე, ამიტომ მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია იქნება ძალიან რთული. ის იყო საპრივატიზაციო ნუსხაში. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინვესტორთან, მაგრამ მაღალი ფასის გადამხდელი არავინ არ არის. ეს არის სპეციალურად მოწყობილი შენობა, სადაც ბევრი ისეთი ხარჯია გაწეული, რაც ჩვეულებრივი საპრივატიზაციო შენობის შემთხვევაში არ იქნებოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი რეზიდენციის შენობასთან დაკავშირებით, მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას.