მახუნცეთში სასტუმროს აშენება იგეგმება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქედაში, სოფელ ქვედა მახუნცეთში მდებარე 847,80 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული 1045 კვ.მ არასასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის, სადაც აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო უნდა აშენდეს.
აუქციონში გამარჯვებული ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 10 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში კი აამოქმედოს და ტურისტების მიღება დაიწყოს.
ინვესტორი პროექტის განხორციელებაში მინიმუმ 80 ათასი აშშ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს და პირობების მიხედვითვე, სასტუმროს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ობიექტში მინიმუმ 5 პირს დაასაქმებს.
ობიექტის საწყისი ღირებულება 20000 ლარია და მისი გასხვისება 12 ივნისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.