26 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ-ები და შპს-ები თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სტენდით იქნებიან წარმოდგენილი. სტენდები განთავსებულია რუსთაველის # 1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენენ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს - მთისა და ბარის სპეციფიკით. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იქნება გამოფენილი როგორც ტექნიკა, ასევე რობოტები და ქართული თამაშები. მიმდებარე ტერიტორიას მუსიკალურად გააფორმებს საზღვაო აკადემიის ორკესტრი;
საკუთარი პროექტების პრეზენტაციებს გამართავენ სამინისტროს შემდეგი სსიპ-ები და სახელმწიფო შპს-ები:
- მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც მოაწყობს სპეცტექნიკის და ხელოვნური თოვლის პრეზენტაციას. მსოფლიოში ქალაქის ტერიტორიაზე ამის პრეზენტაცია პირველად მოხდება.ამისსურვილიმთის კურორტების განვითარების კომპანიის პარტნიორმა, ხელოვნური თოვლის მწარმოებელმა, მსოფლიოში საუკეთესო იტალიურმა კომპანიამ გამოთქვა. აპარატურა, რომელიც რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, წელს შეიქმნა და მისი ტესტირება და პრეზენტაცია პირველად სწორედ თბილისში მოხდება. შედეგად, თბილისში იქნება საგუნდაო და საციგურაო არეალი, რაც დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი ხალისს შესძენს;
- მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სტენდზე გამოიფინება სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ჩართული კომპანიების მიერ დამზადებული პროდუქცია.
- ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. აღნიშნული სსიპ წარმოადგენს საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის სიმბოლიზაციას. სააგენტოს სივრცე პირობითად ხუთ სივრცედ იქნება დაყოფილი: FAB LAB-ის სიმულაცია. განთავსდება დაზგა დანადგარები (3D პრინტერები, სკანერი და ლაზერული მჭრელი); FAB LAB-ის მიერ დამზადებული ნივთების შოურუმი; მიკროელექტრონიკის კუთხე, სადაც მოხდება სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების დემონსტრაცია და მათზე მუშაობის ადგილზე სწავლება; სუვენირების დამზადება ლაზერული მჭრელით. ასევე იმუშავებს საინფორმაციო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ტექნოპარკის ვირტუალური მოდელი ოკულუსზე, რომლის მორგებას და ხილვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. განთავსდება სტენდი, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ. ასევე იმუშავებს უფასო WIFI გამვლელებისთვის, განთავსდება ინტერნეტიზაციის შესახებ გრაფიკული ვიდეო მონიტორზე და გაიმართება ორგანული არქიტექტურის მიმართულებით ინოვაციური ინსტალაციების გამოფენა.
- საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტენდის დამთვალიერებელი აღმოჩნდება აეროპორტის ტერმინალის იმიტირებულ სივრცეში.აეროპორტების გაერთიანება უამრავ გასართობ პროგრამას სთავაზობს როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
- საზღვაო აკადემია წარმოადგენს დიდ იალქნიან ნავს და სხვადასხვა სახის საზღვაო სიმულატორებს. სტენდთან იქნებიან ბენდი და მოცეკვავეები.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკუთარი სტენდის დამთვალიერებლებს შესთავაზებს ვირტუალურ მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
- სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურისაკუთარ სტენდზე განათავსებს შუქურას ორმეტრიან მაკეტს თავისი სანათით, ასევე გამოფენილი იქნება საზღვაო რუკები და წარმოდგენილი იქნება ანაკლიის თემატიკა. კერძოდ, დამთვალიერებელი იხილავს როგორც ანაკლიის კანიონის რუკას, ასევე წყალქვეშ სკანირებით ანაკლიის კანიონის გამოსახულებას 3D ფორმატში.