19 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელშიც თბილისში ვიზიტად მყოფი არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციისა და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და ვრცელი მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს, მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტებისა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ. ბიზნეს-ფორუმს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი სულხან ისაედ ალ მანსური და მინისტრის მოადგილე აბდულა ალ საალე ესწრებოდნენ.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან წარმოდგენილი კომპანიები, ძირითადად, ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ. ფორუმზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
„არაბთა საერთიანებული საემიროების ბიზნეს დელეგაციას კონკრეტული ინტერესები გააჩნია პორტის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი მწერველობის, ასევე ფარმაცევტული მიმართულებით. ხვალ ინვესტორები ასევე ადგილზე დაათვალიერებენ საწარმოებსა და საპრივატიზაციო ობექტებს“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა.
საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, გიორგი ციკოლიამ გააცნო. მისი განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო მასპინძლობს აბუ-დაბის „ალ რავაჰედ ჰოლდინგს,“ რომლის წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულის, თხილისა და რძის პროექტებში.
არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაცია თბილისში 18 მაისს ჩამოვიდა.