ბათუმში გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზება დაიწყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტბ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ.N5-ში მდებარე 2935 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს. უფრო კონკრეტულად, ინვესტორი ვალდებულია მინიმუმ 50 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, საცხოვრებელი აპარტამენტები, მიწისქვეშა ავტოსადგომი ააშენოს და ექსპლუატაციაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში შეიყვანოს.
მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 1000 კვ.მ ფართზე განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები: “ლაუნჯი“ - ბარი, ჩაის სახლი ან ყავის სახლი განათავსოს. შენობაში უნდა განთავსდეს ასევე გასართობი ცენტრი (ბოულინგ ცენტრი).
პროექტის განსახორციელებლად ინვესტორმა მინიმუმ 7 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
პირობებიანი აუქციონი 2 ივნისისთვისაა ჩანიშნული, ხოლო ობიექტის საწყისი ღირებულება 435 ათას დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.