არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 200 მლნ დოლარს გადააჭარბა და ქვეყნის ეკონომიკაში რეკორდული რაოდენობის -700 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საქართველოს ბიზნეს-ფორუმის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ფორუმი ამ ურთიერთობებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება.
,,მოხარული ვარ, რომ არაბთა საემიროები გახლავთ ერთ-ერთი დიდი ინვესტორი საქართველში. ბოლო ათწლეულის გამავლობაში საქართველოს ეკონომიკაში თქვენმა ინვესტიციამ სარეკორდო თანხას, 700 მილიონ დოლარის მიაღწია საქართველოს ეკონომიკის სხვადსხვა სექტორებში“ - აცხადებს პრემიერი.
მისი ინფორმაციით, მხარეები მუშაობენ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობებს დააახლოებს. კერძოდ, გათვალისწინებულია „მილენიუმ ოტელის“ მშენებლობის პროექტი.
„ასევე, გუშინ მოინახულეთ ფოთი, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მიმართულეებაა ფოთის ინდუსტრიული ზონა. ასევე თქვენი მხარე ეხმარება „თბილისი მოლს“ გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოპინგცენტრი რეგიონში. „მაჯიგ ალფუთაიმ ჯგუფმა“ სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ განვითარებაში ჩადო ინვესტიცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრი გახდა“ - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო გადის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპებს და ცდილობს, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს სტრატეგიული გეოგრაფიული პოზიცია და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია შეინარჩუნოს.
„ურთიერთობა გვაქვს დსთ-ს ქვეყნებთან, რუსეთთან, თურქეთთან, ამჟამად არაბთა საემიროებთან. ვცდილობთ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები დავამყაროთ ყველა რეგიონულ პარტნიორთან“- დასძინა ღარიბაშვილმა.