განსაკუთრებული სამზადისი იგრძნობოდა წელს ბათუმის ბულვარში, სადაც სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა: ჭედური მოაჯირით მოპირკეთდა გედების ტბა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზოო კუთხეს, მოეწყო ფარშევანგებისა და თუთიყუშებისათვის თანამედროვე დიზაინის ვოლიერები და კარიები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ მინდვრის საფარს და იგი ბუნებრივი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდა, ჩატარდა ბულვარის გამწვანების სამუშაოები, უნივერსიტეტის მიმდებარედ 1500 კვ.მ –ზე დაიწყო იაპონური ბაღის გაშენება, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევნები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგანყოფილებიანი ურნები, თანამედროვე სტილის ტრენაჟორები, ახალი საბავშვო ატრაქციონები.