ხვალ, 19 მაისს, 10.30 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და საქართველოს ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან. ფორუმის მონაწილეები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავენ. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს-ფორუმი არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმართება, რომელსაც საემიროების ეკონომიკის მინისტრი სულთან ბის საედ ალ მანსური (Sultan bin Saeed Al Mansoori) ხელმძღვანელობს. დელეგაციაში არიან მაღალი რანგის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ.
ბიზნეს-ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეთა განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ტარდება.