უახლოეს წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონი აშშ დოლარია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აჭარას უდიდესი პოტენციალი და გამორჩეული რესურსები აქვს. მისი თქმით, მთავრობა ბიზნესმენებს, რეგიონში პერსპექტიული და საინტერესო პროექტების განხორციელებაში მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.
მთავრობის მეთაურმა ბათუმში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და აღნიშნა, რომ პროექტი შეჩერებული იყო და მშენებლობის გაგრძელება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არსებული პრობლემების გადაჭრის შედეგად მოხერხდა.
პრემიერმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს 2012 წლის შემდეგ აჭარაში გახსნილი სასტუმროების და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია; 2014 წელს კერძო პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელთან შედარებით, 81%-ით გაიზარდა და 276.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2013 წელთან შედარებით კი, ზრდა 42%-ია. 2013 წელს ინვესტიციების მოცულობამ 195 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ 251 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, შპს “Rekan Group Georgia” ახალ ბულვარში, 50 000 000 დოლარის საინვესტიციო ღირებულებით, სასტუმრო კომპლექსს აშენებს; „ორბი ჯგუფი“ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს და აპარტამენტებს აშენებს, სადაც განხორციელდება 30 000 000 ლარის ინვესტიცია; შპს „იალჩინი“ იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ასევე, 100-ნომრიან სასტუმროს აშენებს, ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარია;
აჭარის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციასთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
„მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მთლიანი საინვესტიციო პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარია; შენდება შუახევი-სხალთა-კორომხეთ-ჰესი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონი დოლარია, დასაქმებულია 600 ადამიანი; გამრიცხველიანდა 10 000 აბონენტი; აჭარაში გაიხსნა ხუთი ახალი ამბულატორია; რეგიონს გადაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ათი ახალი მანქანა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, მისივე თქმით, წელს ბათუმში გაიხსნება 120 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი კლინიკა და დაიწყება 170 საწოლზე გათვლილი კიდევ ერთი კლინიკის მშენებლობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება შვიდ საჯარო სკოლას, ერთ პროფესიულ და ორ უმაღლეს სასწავლებელს; ასევე, აშენდება შვიდი სკოლა; აშენდება და რეაბილიტირდება 23 საბავშვო ბაღი.
პრემიერის ინფორმაციით, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 700-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა; წელს დაფინანსდება 951 სტუდენტის სწავლება.
მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობა აჭარაში 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით, 20%-ზე მეტით.