Hilton Batumi სტუმრების მოლოდინშია. ბათუმში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton Batumi დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა გახსნეს. სასტუმროს გახსნა ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოსთვის იყო დაანონსებული, თუმცა საბოლოოდ მისი ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე მოხდა.
სასტუმრო Hilton Batumi ორი შენობისგან შედგება, კომპლექსის ერთი კორპუსი სასტუმრო, მეორე კი საცხოვრებელი იქნება. შენობა 23-სართულიანია და მასში სულ 248 ნომერია განთავსებული. Hilton Batumi მომხმარებლებს სეზონურ შეთავაზებებს გაუკეთებს და ბაზარზე პრემიუმ საფასო სეგმენტში იქნება წარმოდგენილი.
Hilton Batumi-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი Pelion-ი მთელი დღის განმავლობაში იქნება ღია, ხოლო the Lobby Café Tandila და the Nephele Sky Bar მომხმარებელს ორიგინალურ პროდუქტებს შესთავაზებს.
სასტუმრო მოიცავს კონფერენც ცენტრს, რომელიც 120 დელეგატზეა გათვლილი. სასტუმროს აქვს ასევე წვეულებათა დარბაზი, რომელიც სამ ნაწილად არის დაყოფილი და 380 დელეგატზეა გათვლილი.
სასტუმროში განთავსებული იქნება მაღალი დონის სპა და ფიტნეს ცენტრი, ასევე აუზი,
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 30 აგვისტოს, უპირობო აუქციონის წესით, კომპანია „ტურინვესტმა" "პანსიონატი ბათუმი" 970 000 დოლარად შეიძინა. საუბარია 4700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ შენობაზე.
პროექტის განსახორციელებლად ინვესტორმა 130 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.