18-20 მაისის ჩათვლით, თბილისს ეწვევა არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის, სულთან ბის საედ ალ მანსურის (Sultan bin Saeed Al Mansoori) ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები საჯარო და კერძო სექტორიდან, ასევე კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, საცალო ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტისა და და ლოგისტიკის სექტორებში საქმიანობენ.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სამინისტროს სსიპ „მეწარმეთა განვითარების სააგენტოსა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, რომელიც 19 მაისს, სასტუმრო “ Radisson Blu Iveria“-ში გაიმართება.
ბიზნეს-ფორუმის მონაწილეები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს შორის.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისა და საწარმოების მონახულება.