ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და იაპონიის ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს იშუ სუგავარასთან გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ საგრანტო დახმარებისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა ყოველწლიურად უწევს საქართველოს მთავრობას იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
საუბარი შეეხო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
„გვინდა მივულოცოთ ქვეყნის მთავრობას და მოსახლეობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის საქართველოში გამართვა, “ - განაცხადა იაპონიის ფინანსთა სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც თბილისს სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ეწვია.
იშუ სუგავარას თქმით, სამომავლოდ განიხილება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის იაპონიის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხი. ასევე იგეგმება, კახეთსა და იაპონიის ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.