ეროვნული ბანკი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება ლარის გაუფასურების საკითხს, თუმცა, პრობლემის გადაწყვეტის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკსა და მონეტარულ ინსტრუმენტებში, ილუზიაა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იუჰა კაჰკონინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
,,ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მტკივნეულია ლარის გაუფასურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც გაუძვირდათ სესხის მომსახურების ტვირთი. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს და ყოველდღიურად ვადევნებთ ამ პროცესს თვალს და მონიტორინგს ვუწევთ", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანაში შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტა, პრობლემის დაძლევის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკში და მონეტარულ ინსტრუმენტებში, ილუზიაა.
"ეს ჰგავს მცდელობას, სახლის მეორე სართული საძირკველიდან გამოღებული აგურით ავაშენოთ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რაც არაერთხელ დადასტურებულა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში, ეს რომ შესაძლებელი იყოს და ასე უმტკივნეულოდ მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტებით ხდებოდეს ამ პრობლემის მოგვარება, მთელი მსოფლიო გააკეთებდა ამას და საერთოდ არ იქნებოდა გაუფასურება", - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.