საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით მომავალ კვირას პარლამენტში ისაუბრებს, როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული.
,,საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ღონისძიებები იმართება და ახლა მხოლოდ და მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ ჩვენ კონცენტრირებული და ამაზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება გაცვლითი კურსის საკითხს, გასაგებია, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს და არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მომავალ კვირას, წარვდგები პარლამენტში, სადაც საუბარი გვექნება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ეს ფორუმი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმ მიზნებისათვის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელი და სასარგებლოა. ეს არის ინვესტიციების მოზიდვა, რაც ერთადერთი გზაა გადავწყვიტოთ უმუშევრობის პრობლემა, გაიზარდოს რეალური შემოსავლები და მოსახლეობის წინაშე არსებული ყველა ფუნდამენტური საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება სწრაფად", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.